დონორი ორგანიზაციები ქარელის მუნიციპალიტეტში იმის გამო არ შედიან, რომ პატარა მუნიციპალიტეტში მსგავსი პროგრამის განხორციელება რეზონანს ვერ გამოიწვევს, – ამის შესახებ ქარელის მერის სოციალური სამსახურის უფროსმა ზაზა გაჩეჩილაძემ “ქართლის სტუდიაში” განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ, არასამთავრობო ორგანიზაციების პასიურობის წყალობით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროექტი, მათ შორის, შინმოვლის პროგრამა ვერ ხორციელდება.
“კარიტას შევთავაზეთ თანადაფინანსება და ასეთი რაღაც გვიპასუხეს: არა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გადაგიმზადოთ კადრი. რას ნიშნავს კადრი გადაგვიმზადოს? კადრი თუ გადასამზადებელია, იქ უნდა იყოს ან ექთნის კვალიფიკაციით, ან ექიმის კვალიფიკაციით, ამას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. “კარიტასი” სადაც არის შესული, არის რეგიონულ ცენტრებში. მაგალითად, გორში, ოზურგეთში, ახალციხეში და ბათუმში. ყველას ბოდიშს მოვუხდი, ვისაც ნატკენზე დავაბიჯებ, მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პატარა მუნიციპალიტეტი ისეთ რეზონანს ვერ გამოიწვევს და პროგრამის განხორციელება ჩვენთან არ ჭირდებათ. ჩვენ შინმოვლის პროგრამის განხორციელების მზაობა გვაქვს, თუ იქნება თანადაფინანსება. გამომდინარე იქედან, რომ დამოუკიდებლად ამ პროგრამის განხორციელებისთვის არ გვაქვს სახსრები.”-აცხადებს ზაზა გაჩეჩილაძე.
როგორც გორის “შინმოვლის პროგრამის” ხელმძღვანელი ოლენა გურგენიძე აცხადებს, ქარელის მუნიციპალიტეტმა თავდაპირველად მოკვლევა უნდა ჩაატაროს და შეისწავლოს, რამდენ ადამიანს ესაჭიროება აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა. მისივე თმით, ამ ეტაპზე “კარიტასს” შეუძლია ქარელის მერიას მხოლოდ კადრების გადამზადებაში დაეხმაროს.
“ჩვენ გვყავს პროფესიონალი თანამშრომლები და შეგვიძლია, რომ გადავამზადოთ სურვილის შემთხვევაში ქარელის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე, გორის მსგავსად შინმოვლის პროგრამას ჩვენ ვერ განვახორციელებთ ქარელში, რადგან ჩვენი დონორი არის გერმანიის “კარიტასი” და გვაქვს 3 წლიანი პროგრამა გაწერილი.”- აცხადებს ოლენა გურგენიძე.
ცნობისთვის, PMჩ კვლევითი ცენტრის ბოლო კვლევის თანახმად, ქარელის მუნიციპაიტეტი კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მსგავსად გრძელვადიან სოციალურ პროგრამებს ვერ ახორციელებს. ამ მხრივ გამონაკლისი რეგიონში მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა.
https://www.facebook.com/Qartli.ge/videos/465893547519864/