საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მიერ, მრავალჯერ შეკეთებული წყლის მილი კვლავ დაზიანებულია. კომპანიის წარმომადგენლები დაზიანების აღმოფხვრაზე მუშაობენ, წლის ბოლომდე კი მილი შეიცვლება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხეში, სულხან–საბა ორბელიანის ქუჩაზე, წყალმომარაგების კომპანიის მცდელობის მიუხედავად, წყლის მილს დაზიანებული ადგილების შეკეთება მერვედ ესაჭიროება. თუმცა კომპანიაში ვერ გამორიცხავენ, რომ მილი შეკეთების შემდეგ კვლავ არ დაზიანდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერის, ბესო ფილაურის განცხადებით, ქუჩაზე მიმდინარე დაზინებებს აღმოფხვრიან, მაგრამ უახლოეს მომავალში მილის მთლიანი შეცვლა არ იგეგმება.
“ამ ეტაპისთვის ჯერ საპროექტო სამუშაოები თუ არ ჩავატარეთ, ვერ ვისაუბრებთ რეაბილიტაციის პროექტზე. პირველ ეტაპზე, ჩვენ უნდა შევასრულოთ ის ვალდებულებები, რაც აღებული გვქონდა. ყველაფერს ერთდროულად ვერ მოვეჭიდებით“, – ამბობს ბესო ფილაური და დასძენს, რომ ახლა ახალციხეში რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე პროექტების დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც დაიწყებენ სამუშაოებს.
“ამ ზაფხულს ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ, ზამთარს ამ მილით აღარ შევხვდებით“, – განაცხადა ფილაურმა.
ნიშანდობლივია, რომ აქამდე, რეგიონის მასშტაბით, არ არსებობდა საპროექტო სამსახური, რის გამოც, ხშირად, დროში იყო გაწელილი მოსამზადებელი სამუშაოები. დღეის მოცემულობით კი, რეგიონს საკუთარი საპროექტო სამსახური ეყოლება, რომელიც უშუალოდ რეგიონის პრობლემებზე იმუშავებს.