ახალციხეში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი ექვსჯერ შეაკეთეს და ასფალტიც გადააგეს, თუმცა წყალი ისევ ჟონავს. წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილობრივებმა მილი არ შეაცვლევინეს, ადგილობრივები კი მას სიცრუეში ადანაშაულებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ორბელიანის ქუჩაზე ზამთარში მილები ყინვისგან სკდებოდა და მთელი ქუჩა იტბორებოდა, მიმდებარე ტერიოტია იყინებოდა და გადაადგილება რთულდებოდა.
“წყლის მილები რამდენჯერმე გაკეთდა, მაგრამ ისევ დაზიანდა. ბოლოს ერთი თვის წინ გააკეთეს, მაგრამ ჩემ სახლთან ერთ ადგილას და ოდნავ ზემოთ კიდევ გაფუჭდა და წყალი ისევ ჟონავს. საფუძვლიანად არ აკეთებენ და წარა–მარა იმიტომ ფუჭდება“, – ამბობს ორბელიანის 14-ში მცხოვრები მარიკა კურტანიძე.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ორბელიანი ქუჩაზე 25-26 თებერვალსა და 12-13 მარტს დაზიანებები შესაკეთებლად შვიდჯერ იმუშავეს, ერთხელ საკანალიზაციო არხი შეაკეთეს, ექვსჯერ კი წყლის მილი.
შეკითხვაზე, რატომ არ შეცვალეს მილი, რომელიც ექვსჯერ დაზიანდა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერმა ბესო ფილაურმა განაცხადა: “მოსახლეობამ არ გაგვიშვა, რომ მილი შეგვეცვალა მთლიანად. გვინდოდა 40 დიამეტრიანის ჩადება აღმართიდან მოსახვევამდე, ანუ იმ მონაკვეთში, რომელიც პრობლემურია, მაგრამ ადგილობრივებმა ხელმოწერები შეაგროვეს და განცხადება მერიაში შეიტანეს, წინააღმდეგი ვართ აქ რამე სამუშაოების წარმოებისო. ამ განცხადების ასლიც მაქვს. ამიტომ მოგვიწია ლოკალურად ადგილ-ადგილ დაზიანებების შეკეთება“.
ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ მერიაში მსგავსი განცხადება არ შესულა: “ასეც რომ ყოფილიყო, თვითმმართველობისგან წყალმომარაგების კომპანიას მიცემული აქვს ნებართვა, რომ ჩვენთან შეთანხმების გარეშე განახორციელონ გადაუდებელი სამუშაოები. გეგმიური პროექტების შემთხვევაში კი მათ მერიაში წარმოადგენენ“.
ორბელიანის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ მილის შეცვლასთან დაკავშირებით არც პროტესტი გამოუხატავთ და არც ხელმოწერები შეუგროვებიათ. მათი თქმით, წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ცრუობს.
“ჩვენ უბანში რაიმე განცხადება თუ იწერება მე ვწერ, მსგავსი რამ არ ყოფილა“, – ამბობს სალომე დემეტრაძე.
წყლის კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანებულ ადგილს მეშვიდედ აღარ შეაკეთებენ და მილს შეცვლიან, ამისთვის კი ჯერ მერიას მიმართავენ.