დიდი დიღმის კერძო დასახლებაში, ბარონ დე ბაის ქუჩასა და კლაპროთის ქუჩის ნაწილზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე, 8 615 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ამჟამად კი, აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.
ასევე, მათივე ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კლაპროთის ქუჩის ნაწილზეც, სადაც 3 803 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება.
“დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სამუშაოების განხორციელება იმ ქუჩებზე, სადაც მოსახლეობას გრუნტის გზით სარგებლობა უწევს. პროექტის დასრულების შემდეგ, ფეხით მოსიარულეებისთვის და ავტომობილებისთვის აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილება კომფორტული გახდება“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 527 612 ლარია გამოყოფილი. საგზაო სამუშაოებს კომპანია “იბერი“ აწარმოებს.