საბურთალოს რაიონში მასშტაბური პროექტების განხორციელება იწყება, რომლის ფარგლებშიც დიდ დიღომში, ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და 3 803 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. უახლოეს მომავალში კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, კერძო დასახლებაში მდებარე სამი ქუჩის – ბარონ დე ბაის, ნიკო ბურისა და სტრაბონის ქუჩებზე დაიწყება.
“სტრაბონისა და ნიკო ბურის ქუჩებზე პირველ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რის შემდეგაც, ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობისთვის გრუნტის გზაზე გადაადგილება არაკომფორტული იყო. პროექტის განხორციელების შემდეგ, ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ”, – განმარტავენ გამგეობაში.
აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 2 990 158 ლარი დაიხარჯება. საგზაო სამუშაოებს კომპანია “იბერი“ განახორციელებს.
“დიდი დიღმის კერძო დასახლებაში მასშტაბური პროექტების განხორციელება დავიწყეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქუჩების მოწესრიგება, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება წლების განმავლობაში, დისკომფორტს უქმნიდა. ასევე, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობა მზარდია. მაქსიმალურად ვცდილობთ, დიდ დიღომში მსგავსი პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.