ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას კომპანია “ჯეო სერვისთან”კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
გიგა შუშანიას თქმით, მერიამ “ჯეო სერვისს”, რომელმაც ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მიატოვა, ჯერ ტენდერი მოაგებინა, ახლა კი ხელშეკრულების გაწყვეტით ემუქრება.
ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ქალაქის ხელისუფლება იმ სიტუაციიდან ცდილობს გამოსავლის პოვნას, რომელშიც თავისივე დაუდევრობით აღმოჩნდა.
“ქუთაისის მერი კვლავ აგრძელებს თავის ტრადიციას და ცდილობს თავისი მავნებლობა და დანაშაულებრივი საქმიანობა გადაფაროს ტყუილებით. ამჯერადაც, საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და კორუფციულ სქემასთან. მერიამ ტაბიძის ქუჩაზე გამოცხადებულ ტენდერში შეგნებულად მიუთითა მცირე ვადები და თანხა, რომ ამ კონკრეტულ კომპანიას მოეგო. კომპანიამ უკვე წინასწარ იცოდა, რომ მერია ეტაპობრივად თანხასაც დაუმატებდა და ვადებსაც გაუზრდიდა. თავიდან სამუშაოებისთვის ორთვიანი ვადა განისაზღვრა, შემდეგ კი 7 აგვისტომდე გადაუწიეს სამუშაოების დასრულების თარიღი და ვითომ დამატებითი სამუშაოების გამოჩენის გამო, დაუმატეს თანხაც. ეს არის ტიპური კორუფციული გარიგება და ტენდერის მორგება კონკრეტულ კომპანიაზე“, – განაცხადა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, ქალაქში თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე გამოცხადებული ტენდერი კომპანიებზეა მორგებული.
ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მარტში დაიწყო და 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ქუჩაზე რამდენიმე დღეა, რაც სამუშაოები ხელფასების გადაუხდელობის გამო შეწყდა. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, თუ კომპანია სამუშაოებს რთ კვირაში არ გააგრძელებს, მერია მათთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.