ბაღს, რომელსაც წყალი არ აქვს, 5 წელია არემონტებენ

865
ფოტო :jnews.ge

საბავშვო ბაღს, რომელშიც სოფლის 30-დან 35-მდე აღსაზრდელი დადის, წყალი არ აქვს. ახალციხის სოფელ ხულგუმოს სკოლამდელი ასაკის მოზარდები ისევ საბავშვო ბაღის გარეშე რჩებიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში, საბავშვო ბაღი 2018 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა ამ დრომდე სოფელს საბავშვო ბაღი არ აქვს. მიზეზად წყალი სახელდება. აღმოჩნდა, რომ მშენებლობა დამთავრდა, საბავშვო ბაღს კი წყალი არ მიეწოდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, ანაიდა ასატრიანი ამბობს, რომ წყლის გარეშე ბაღი არ გაიხსნება.

“უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რათა, დაახლოებით 30–მა თუ 35–მა ბავშვმა, რომლებიც ახლა ახალქალაქში დადიან ხულგუმოდან, საკუთარი სოფლის ბაღში შეძლონ სიარული“.

ხულგუმოს ბაღის მშენებლობა და კეთილმოწყობა, დაახლოებით, ხუთი წელი მიმდინარეობდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მანაგოზიანი ამბობს, რომ ბაღში წყალგაყვანილობა გაკეთებული იყო და წყალიც მოდიოდა. სავარაუდოდ, წყალი ზამთარში გაიყინა, რამაც მილები დააზიანა.

“ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რათა დადგინდეს ზუსტი მიზეზი, თუ რატომ არ მოდის ბაღში წყალი. შემდეგ, თუ საჭირო იქნება, გამოცხადდება ტენდერი, აღმოიფხვრება ეს პრობლემაც და უახლოეს მომავალში, სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღი ექნება“, – განაცხადა არმენ მანაგოზიანმა.