სუბარი IDFI-ის კვლევაზე: სახელმწიფო რწმუნებულები მუშაობენ აქტიურად და დიდი მანძილის გავლა უწევთ

689

წინა სტატია

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რწმუნებულების მიერ 2 წლის განმავლობაში გაწეული საწვავის ხაჯები მაღალი არაა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ სოზარ სუბარმა სახელმწიფო რწმუნებულების საწვავის ხარჯებზე IDFI-ის კვლევის შეფასებისას განუცხადა, თითოეულ სახელმწიფო რწმუნებული დღის განმავლობაში მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და შესაბამისად, მათ უწევთ არაერთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში ჩასვლა. სუბარი აღნიშნავს, რომ დღის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულების მიერ გაწეული ხარჯი საშუალოდ 25 ლიტრია. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, ყველა სახელმწიფო რწმუნებული კვირაში ერთხელ დედაქალაქში ჩამოსვლა და მთავრობის სხდომაზე დასწრებაც უწევს, რაც მათ მიერ გავლილ მანძილს ზრდის.

“სახელმწიფო რწმუნებულები მუშაობენ ძალიან აქტიურად და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ სახელმწიფო რწმუნებულს უხდება ძალიან დიდი მანძილის გავლა. ზუგდიდიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული რომ წავა უშგულში, მესტიაში ან მოივლის მთელს რეგიონს, ან რაჭის გუბერნატორი, რომელსაც მოუწევს ლენტეხში ან ცაგერში წასვლა, აღარაფერს ვამბობ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულზე, რომელსაც უხდება ისეთ ადგილებში წასვლა, როგორიცაა მუცო, არხოტი, უკანა ფშავი და ა.შ. ეს ძალიან დიდი მანძილებია.

მათ დავალება აქვთ პირდაპირ მიცემული პრემიერმინისტრისგან, რომ ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდეთ მოსახლეობასთან. იგივე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული რამდენიმე მუნიციპალიტეტს მოივლის ხოლმე მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ფაროსანასთან დაკავშირებით შეხვდეს მოსახლეობას, მისცეს განმარტებები და დაეხმაროს იმისთვის, რომ ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო აქტიური იყოს.

გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ყველა სახელმწიფო რწმუნებული, პრემიერის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომას ესწრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჰქონდეთ უშუალო, ყოველდღიური კონტაქტი მინისტრებთან, მთავრობის სხდომაზე მთავრობის მეთაურთან უშუალოდ წარმოადგინონ რეგიონში არსებული პრობლემები და ადგილზე, მთავრობასთან ერთბლივად იმუშაონ მათი გადაწყვეტის გზებზე. შესაბამისად იგივე სამეგრელოს, რაჭის და გურიის სახელმწიფო რწმუნებულებს კვირაში ერთხელ 700-800 კილომეტრის დაფარვა უწევთ, რათა მთავრობის სხდომას დაესწრონ. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ისინი ძალიან აქტიურად და ეფექტურად მუშაობენ“, – განაცხადა სუბარმა.

ამასთან, სოზარ სუბარის თქმით, რეკომენდაცია, რომელიც კვლევაშია მოცემული, რომ სახელმწიფო რწმუნებულების მანქანებზე მოხდეს ჩიპების დაყენება და კონტროლი გაიზარდოს შესრულებულია და არამხოლოდ სახელმწიფო რწმუნებულების, არამედ სამხარეო ადმინისტრაციის ბალანსზე არსებულ ყველა მანქანას გააჩნია ჩიპი და თითოეული ლიტრის ჩასხმა ხდება მკაცრი კონტროლის ქვეშ. რაც შეეხება მანქანების შეძენის პრობლემას, სოზარ სუბარი ამას სამხარეო ადმინისტრაციების მწირი ბიუჯეტით ხსნის. ამასთან, სუბარის განმარტებით, აპრობირებული პრაქტიკაა, რომ სანხარეო ადმინისტრაციის მანქანებს განკარგვის უფლებით ის მუნიციპალიტეტები გადასცემენ, რომლებსაც გაცილებით მეტი ბიუჯეტი აქვთ.

“მე სახელმწიფო რწმუნებულებს მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ ძალიან აქტიურად მუშაობა და ჰქონდეთ ყოველდღიური ურთიერთობა მოსახლეობასთან, მათ შორის სამხარეო ცენტრებიდან ყველაზე დაშორებულ უბნებში და სოფლებში. ეს იქნება მათი მუშაობის განმსაზღვრელი. ვინც ასე ვერ იმუშავებს, მას პირიქით მოეთხოვება პასუხი“, – განაცხადა სუბარმა.

IDFI-ის კვლევის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, სამჯერ, ხოლო დანარჩენმა სახელმწიფო რწმუნებულებმა მინიმუმ ორჯერ შემოუარეს დედამიწას.