მე აქ მაქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც არანაირი გადახარჯვა არ მაქვს, მათ შორის, არც ჩემს წინამორბედს საწვავის გადახარჯვა არ აქვს, – ასე გამოეხმაურა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლექსანდრე მოწერელია IDFI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც მან და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, სამჯერ, ხოლო დანარჩენმა სახელმწიფო რწმუნებულებმა მინიმუმ ორჯერ შემოუარეს დედამიწას. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
“პირველ რიგში, მე ვერ მოგახსენებთ იმას, ვისი კვლევაა, რას ეყრდნობოდა ეს კვლევა, ჩემთვის ცნობილი არ არის. მე აქ მაქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც არანაირი გადახარჯვა არ მაქვს, მათ შორის, არც ჩემს წინამორბედს საწვავის გადახარჯვა არ აქვს. ამიტომ კარგი იქნება, თუ უფრო დავაზუსტებთ და დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან ერთად, თუ კი არის ასეთი ფაქტი, რომ გამოიკვეთოს თუ რამე დარღვევა არსებობს.
ჯერჯერობით აგერ არის ოფიციალური დოკუმენტი. ამ მონაცემების მიხედვით არანაირ გადახარჯვაზე საუბარი არ შეიძლება. თუკი ჩვენ გვაქვს შედარებით უფრო მეტი ხარჯი საწვავის, ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ჩვენ დიდი რეგიონი ვართ, მაღალმთიანი ნაწილიც ძალიან დიდია ჩვენს რეგიონში. რაც შეეხება არასამუშაო დღეებს თქვენ შეგიძლიათ, ძალიან მარტივად ნახოთ, რომ შაბათ-კვირასაც კი მე ვიმყოფები ძალიან ხშირად ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სოფელში და ამდენად, როგორ ითვლება ეს, რომ არასამუშაო დღეს მე გადახარჯვა მაქვს? არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ. მე ვიცი, რომ ის ლიმიტი, რაც მე მაქვს, იმაზე გაცილებით ნაკლები საწვავი მაქვს მოხმარებული. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს დოკუმენტში. და არ ვიცი, რას ეყრდნობა ის კვლევები, რაც არის წარმოდგენილი.
ჩემი დაინტერესების წყარო არის ოფიციალური დოკუმენტი, მე ვეყრდნობი ოფიციალურ დოკუმენტს, ეს დოკუმენტი აქ არის თქვენს წინაშე საჯაროდ წარმოდგენილი, საიდანაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ და დედამიწას ვინ რამდენჯერ დაარტყამს წრეს, მე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ სამეგრელოს რეგიონს, კი ბატონო, შეიძლება წრე დავარტყათ”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.