120 დევნილ ოჯახს მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა გადასცეს.
როგორც დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, 120 ბინიდან, 54-ერთოთახიანი, 39-ოროთახიანი, 24-სამოთახიანი და 3-ოთხოთახიანია.
“დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, 3 ნგრევადი და ერთი სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსში გადაეცათ.
კორპუსების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია. ასევე, გზებზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი და დამონტაჟებულია გარეგანათება. ორივე კორპუსს საკუთარი ავტოსადგომი აქვს. შენობები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის”, – განმარტავენ სამინისტროში.
მცხეთაში ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარი გამოყო.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის შემდეგ, მცხეთაში დევნილთა განსახლების პრობლემა, ფაქტობრივად, გადაიჭრა.