ახალციხეში მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის საკითხს ხმაური მოჰყვა

1150

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საიჯარო ღირებულება, საკრებულოს დეპუტატმა გააპროტესტა. ამბარცუმ ბაბოიანი მიიჩნევს, რომ გადასახდელი თანხა მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის თანაბარი უნდა იყოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე, ქალაქ ახალციხეში სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების განსათავსებლად, შპს “ოპპასა“ და შპს “დაირექტ დებეტ ჯორჯიასთვის“ ტერიტორიის იჯარით გადაცემის შესახებ იმსჯელეს.

მათი განმარტებით, კომპანიებისათვის საიჯარო ქირა 1 კვ. მეტრზე 15 ლარით განისაზღვრა, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის ლუიზა ლომიძისათვის, რომელიც ასპინძის ქუჩაზე, სავაჭრო ჯიხურის განსათავსებლად, ორი წლის ვადით ხუთი კვადრატული მეტრის გადაცემას ითხოვს, 1 კვ. მეტრზე – 4 ლარით.

საკრებულოს წევრი, ამბარცუმ ბაბოიანი მიიჩნევს, რომ საიჯარო ქირა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.

“მაშინ გადახდის აპარატებზეც ოთხი ლარი დავაწესოთ. ამხელა განსხვავება როგორ შეიძლება, სამმაგი თანხის გადახდა უწევთ აპარატებზე. ადრეც იყო ეს პრობლემა, აწყურში კვადრატულ მეტრზე 25 ლარი გადაახდევინეთ, ახალციხეში – 30“, – განაცხადა ბაბოიანმა.

საკრებულოში განმარტავენ, რომ საიჯარო ქირა აუდიტის დასკვნის შესაბამისად, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით განისაზღვრება.

“აუდიტი ამ დასკვნებს საქმიანობიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე აკეთებს. შეიძლება ეს ორი ობიექტი ერთმანეთის გვერდით იდგეს, მაგრამ მათი საქმიანობიდან გამომდინარე, იჯარის ღირებულება იყოს განსხვავებული. ამ აუდიტის დასკვნას ვეყრდნობით ჩვენც “, – განმარტეს სხდომაზე დეპუტატებმა.

შეახსენებთ, რომ გუშინ, 27 მაისს რიგით მეექვსე საკრებულოს სხდომაზე, დეპუატეტბმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხზე იმსჯელეს. სამი საკითხი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის საკითხს შეეხებოდა.