რულოვსი: საპროტესტო ტალღა ზუგდიდიდან მთელ ქვეყანაზე გავრცელდება და ივანიშვილის სასახლესთან დამთავრდება

749

წინა სტატია

გუშინდელი ე.წ არჩევნების მერე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან. ეს გავრცელდება მთელს ქვეყანაზე და დამთავრდება ივანიშვილის შუშის სასახლესთან, თბილისში, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის ყოფილმა კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა.

როგორც სანდრა რულოვსმა ოპოზიციის შტაბში შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, 2019 წლის შუალედური არჩევნები არ იყო რეალური არჩევნები. მისი თქმით, -“ეს იყო სპეცოპერაცია თვეების მანძილზე, განსაკუთრებით კი ბოლო დღეებში”.

როგორც რულოვსმა აღნიშნა, პროტესტის ფარგლებში მთავარი მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის მმართველობიდან წასვლა იქნება.

“ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან. თავი უნდა დაგვანებოს, იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა უკვე ყველასთვის ყველანაირ ზღვარს არის გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ, ყველანი უნდა დავირაზმოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, უბანს,სოფელსა და ქალაქს. ყველანი ერთად, ხელი-ხელჩაკიდებულები უნდა მივიდეთ თბილისამდე და ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა მოვიშოროთ. ეს საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია და ჩვენს მეგობრებთან და მთელ გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ. ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს,რადგან არჩევნები არ ტარდება ამ ქვეყანაში. ივანიშვილის გარეშე უნდა გავაგრძელო ამ ქვეყნის გადარჩენა და აღმშენებლობა. მე ამ ბრძოლაში არ ვარ მარტო. აქ ძალიან ბევრი პარტია, ორგანიზაცია და მეგობრები არიან და ვისაც უნდა, შემოგვიერთდება. ჩვენ გვყავს საქართველოს ერთი მტერი, ეს არის, ივანიშვილი”, – განაცხადა რულოვსმა.

ამასთან, ნიკა მელიას განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, მელია ამბობდა, რომ არ შეიძლება ამომრჩევლის ფრუსტრირება და არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების კეთება, სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ ყველას აქვს თავისი არჩევანი.

“მე არ მინახავს ნიკა მელიას განცხადება, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა. ყველას აქვს თავის არჩევანი და ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნო ეს ქვეყანა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.