“ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატის თქმით, არჩევნებში დიდი პროცენტით გაიმარჯვა

709

ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა განუცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ.

“დიდი მადლობა მარნეულელებს, მარნეულელების დიდი მხარდაჭერით, ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება. ძალიან დიდი პროცენტით გავიმარჯვეთ, ზოგიერთ უბნებში ასი პროცენტით გავიმარჯვეთ”, – განაცხადა დარგალმა.

20 საათისთვის საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. როგორც ცნობილია, დილის 8 საათიდან საქართველოს 5 ქალაქში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში მერების რიგგარეშე, 8 მუნიციპალიტეტში –  საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური, ხოლო თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. პროცედურულად, საუბნო საარჩევნო კომისიებმა ხმების დათვლა უნდა დაიწყონ, რის შემდეგაც შედეგებს საოლქო საარჩევნო კომისიაში გააგზავნიან, საოლქო კომისია კი შედეგებს ცესკოს მიაწვდის.