20 საათისთვის საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. როგორც ცნობილია, დილის 8 საათიდან საქართველოს 5 ქალაქში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში მერების რიგგარეშე, 8 მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური, ხოლო თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. პროცედურულად, საუბნო საარჩევნო კომისიებმა ხმების დათვლა უნდა დაიწყონ, რის შემდეგაც შედეგებს საოლქო საარჩევნო კომისიაში გააგზავნიან, საოლქო კომისია კი შედეგებს ცესკოს მიაწვდის.
ჯერჯერობით, ცენტრალურ საარჩევნო კიმისიას არ გამოუქვეყნებია მონაცემები, თუ როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა 20 საათისთვის. დღის განმავლობაში კი ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში, ყველაზე დაბალი კი მთაწმინდის ოლქში ფიქსირდებოდა.
მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებულად დაძაბული ვითარება ზუგდიდსა და მარნეულში იყო. ოპოზიცია მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში, ხელისუფლება ოპოზიციას კი დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ზუგდიდში მერის არჩევნებს იგებს და ამ გამარჯვების შესანარჩუნებლად ყველა ხმას დაიცავს. თავის მხრივ, ხელისუფლებაც ამბობს, რომ მისი კანდიდატი იმარჯვებს, თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ზუგდიდში საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გახდეს საჭირო.
17 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 68 საჩივარი იყო შესული, საიდანაც 30 ზუგდიდზე, ხოლო 20 მარნეულზე მოდიოდა. ჯერჯერობით, უცნობია 20 საათის მონაცემები.