მარნეულის მეორე საარჩევნო უბნიდან ოპოზიციის დამკვირვებელი გააძევეს

718

მარნეულის მეორე საარჩევნო უბნიდან “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი თამარ მეტრეველი გააძევეს. როგორც უბნის თავმჯდომარემ განაცხადა, მეტრეველი პროვოკაციებს აწყობდა.

როგორც მეტრეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან დარღვევების მითითების გამო, მის მიმართ უბნის მდივანი აგრესიულობით გამოირჩეოდა.

“დარღვევებზე თვალს არ ვხუჭავდი და ეს არ მოსწონდათ. თურმე, მე ვარღვევ რაღაც კანონს და საარჩევნო პროცესს ვუშლი ხელს. დღის განმავლობაში ბევრი დარღვევა იყო, საოლქოს წარმომადგენელიც იყო მოსული და რაღაც კუთხით, პრობლემა მოაგვარა, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ იგივე პრობლემები იყო. დღის განმავლობაში საშუალება არ მომცეს საჩივარი დამეწერა”, – განაცხადა მეტრეველმა.

მარნეულის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის, ზაურ დარგალის თქმით, მარნეულში არჩევნების პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა პროვოკაციებსაც აქვს ადგილი.