მარნეულის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა, ზაურ დარგალმა მარნეულის რადიოსთან განაცხადა, რომ მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ პროვოკაციებს აქვს ადგილი.
“ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციის მცდელობებია, მაგრამ არაფერი გამოუვათ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მოსახლეობის სრული მხარდაჭერა გვაქვს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ისინი უკვე ატყობენ, რომ არჩევნებს აგებენ და ცდილობენ, კონკრეტულ უბანზე პროვოკაციები მოაწყონ”, -აცხადებს ზაურ დარგალი.
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი პროვოკაციის კონკრეტულ ფაქტებზე არ საუბრობს, საპასუხოდ კი “ენმ – გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი, პირიქით, ხელისუფლებას ადანაშაულებს.
“რა პროვოკაციაზე საუბრობენ? თვითონ არიან პროვოკატორები, თვითონ ახდენენ ზეწოლას ხალხზე და კიდევ ჩვენ ვართ პროვოკატორები? კარგად ჩანს ყველაფერი, რასაც დღეს “ქართული ოცნება” საარჩევნოდ აკეთებს. თვითონ აშანტაჟებენ და ემუქრებიან ხალხს და პროვოკატორებს მერე ჩვენ გვიწოდებენ”, – განუცხადა აგილ მუსტაფაევმა მარნეულის რადიოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობს.