დამკვირვებლების გაძევება კოკის საარჩევნო უბანზე საჩივრის დაწერისას მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც საჩივრის წერისას, უბნის თავმჯდომარემ ერთ-ერთი დამკვირვებლის სახელი და გვარი შეცდომით დაწერა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სამი დამკვირვებელი უბნის დატოვებაზე უარს ამბობდა, რის შემდეგაც თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. გაძევებული დამკვირვებლები ორგანიზაციების, “პოლიტიკისა და სამართლის ობიექტის“, “სსიპ როპისა“ და “აპრიორის“ წარმომადგენლები არიან. მანამდე, კოკში საარჩევნო უბანთან ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებული ნუკრი ნარმანია, “ქართული ოცნების” აქტივისტია.
უბნის კომისიის თვამჯდომარე ელა ქირიას განცხადებით, ინცდენტის გამო, უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერდა.
“იქცეოდნენ პროვოკაციულად. გადავწყვიტე დამეწერა საჩივარი და არეულობის გამო შემეშალა სახელი და გვარი – ლაშა ნანიაშვილის ნაცვლად დავწერე ვაჟა თანიაშვილი. ამის შემდეგ დავწერე ახსნა -განმარტება ამ შეცდომაზე, რაზეც კომისიის წევრებმა მოაწერეს ხელი. ოლქიდანაც მოვიდნენ წარმომადგენლები, ამის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია დამკვირვებლებსა და ოლქის წარმომადგენლებს შორის. დაპირისპირებაში ჩართულო იყო ყველა, კომისიის წევრებიც და დამკვირვებლებიც. ამის შემდეგ შეწყდა ხმის მიცემა რამდენიმე წუთით, დავწერე სამი გაძევების ოქმი და პოლიციამ გაიყვანა ეს ადამიანები უბნიდან”, – ამბობს ელა ქირია