ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე “TV ოდიშის” წამყვანს გირაო შეეფარდა

772

წინა სტატია

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ჟურნალისტს ლევან თორიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 3 000 ლარი შეუფარდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ლევან თორია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მის პოლიტიკურ სიმპატიებს უკავშირებს და პროკურატურას საქმეში წარმოდგენილი ვიდეოს დამონტაჟებაში ადანაშაულებს.

“ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ამ ქვეყანაში არის პოლიტიზირებული და ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, აქედან გამომდინარე, პროკურატურის მხრიდან არის მცდელობა,რომ დააშინოს ადამიანები და წინასაარჩევნოდ აკეთებენ ამას”, -განაცხადა ლევან თორიამ.

საქმის პროკურორის ილია ტორუას თქმით, ვიდეომასალა, რომელიც წარდგენილია, ნამდვილად შეიცავდა ლევან თორიას მხრიდან დანაშაულის ნიშნებს,

“სასამართლოს მხრიდან სრულად მოხდა ჩვენი შუამდგომლობის გაზიარება და შეეფარდა მას 3 000 ლარი. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე და წარდგენილი ვიდეომასალის გაცნობის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ლევან თორიას ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს”, -განაცხადა ილია ტორუამ.

ამასთან, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით დღესვე, აღმკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეფარდა ბრალდებულ მამუკა ცირდავასაც.

მანამდე, იგივე საქმეზე დაკავებულ გელა კვარაცხელიას კი პატიმრობა შეეფარდა.

საქმე ეხება 14 მაისს დადიანების მუზეუმის ეზოში მომხდარ ინციდენტს, სადაც ტელეკომპანია “ოდიშის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კოორდინატორები გადაცემის ჩაწერის დროს ჟურნალისტებს, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაზარალებულად ცნეს ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე.

ოპოზიცია ზუგდიდში 14 მაისს მომხდარ დაპირისპირებაში “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მმართველი პარტიის ადგილობრივ ოფისში კი აცხადებენ, რომ ინციდენტში “ქართული ოცნების“ წევრი, ან კოორდინატორი არ მონაწილეობდა.

ინციდენტის შედეგად, დაზარალებულად ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირი, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე სცნეს.