ჩიქოვანი: ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს, სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის

791

ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს, სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის, – ამის შესახებ ზუგდიდში “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, მათ ხელთ არსებული ყველა კვლევით, ზუგდიდში “ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს.

“გვინდა მოგმართოთ “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციულ გეგმებთან დაკავშირებით, ამომრჩევლის მაღალი აქტივობის პირობებში “ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდში იმარჯვებს დამაჯერებლად. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ზუსტად ანალოგიური ინფორმაცია აქვს “ნაციონალურ მოძრაობასაც“, თუმცა ამას არ აქვეყნებენ. აქ ისეთი ვითარება გვაქვს, რომ საკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის. ამის დასტურია ის რომ რუსთავი – 2 მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ის საუბრობს 2020 წლის არჩევნების განწყობებზე და ერთი ერთი სიტყვაც არ აქვს ნახსენები ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ “ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ დესტრუქციისთვის. ამის მაგალითია ზუგდიდის საოლქო კომისიაში განვითარებული მოვლენები. მათ თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო შეეცადნენ დესტრუქცია შეეტანათ ამ კომისიის მუშაობაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში ჩაყვანილი დამკვირვებლების რაოდენობა, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ზუგდიდში 1 400 წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების 2 000-მდე წარმომადგენელი და 1 000-მდე მოხალისე ჩაჰყავს.