ზუგდიდის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ “ნაცმოძრაობის” წევრებზე შეურაცხმყოფელი პოსტები გამოაქვეყნა (ფოტო)

1754

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, “ნაციონალური მოძრაობის”  დეპუტატ თინა ბოკუჩავასა და ზუგდიდის საკრებულოს წევრ ანა წითლიძეზე, შეურაცხმყოფელი სტატუსები გამოაქვეყნა.

თინა ბოკუჩავაზე გამოქვეყნებული პოსტი ფაცაციამ მოგვიანებით წაშალა და დაწერა, რომ ბოდიშს იხდის.

“ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადეოებას”, – წერს თაზო ფაცაცია.

რაც შეეხება ანა წითლიძის მისამართით გამოქვეყნებულ სტატუსს, ამასთან დაკავშირებით საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს კომენტარი არ გაუკეთებია. პოსტი კი ჯერაც მის ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული.

 

სექსისტური განცხადებების გამო, ქალთა მოძრაობა  “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ თაზო ფაცაცია საკუთარი რიგებიდან გარიცხოს.