ბორჯომში “ახალი კავალერიის კორპუსს“ რესტავრაცია ჩაუტარდება

1095

ბორჯომში “ახალი კავალერიის კორპუსს“ რესტავრაცია ჩაუტარდება და შენობაში მუზეუმთან ერთად, მცირე სახელოვნებო სივრცეები მოეწყობა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე, პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივ თვითმმართველობაში მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოაწყო.

“განხილვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, პროექტით დაინტერესებული მოქალაქეები და “საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრები დაესწრნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუზეუმში განთავსდება მისაღები, სუვენირებისა და წიგნების მაღაზია, პატარა კაფე, დროებითი საგამოფენო დარბაზი, საპრეზენტაციო დარბაზი და საგანმანათლებლო სივრცე. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პროექტი მოიცავს ვიზიტორთა ცენტრის გარშემო ტერიტორიების კეთილმოწყობასაც.

კავალერიის შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და 2020 წლის ბოლოს დასრულდება. შენობის რესტავრაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს”, – განმარტავენ მერიაში.

ყოფილი “ბორჯომის კავალერიის შენობა“ 1880 წელს აშენდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.