12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელში მისი მფლობელის ნებართვის გარეშე შეღწევის და მისი ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ დიასამიძემ, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება 160 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ბინის, ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს.
როგორც ნიკოლოზ დიასამიძემ აღნიშნა,შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარმართვას და დასძინა, რომ სწავლობენ ყველა ინციდენტს, სისხლის სამართლის დანაშაულების მცირედი ნიშნებითაც კი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი – გელა კვარაცხელია დააკავეს. ინციდენტთან კავშირს უარყოფს მმართველი პარტია და ამბობს, რომ დაკავებული არც მათი კოორდინატორია და არც პარტიის წევრი.
როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, თუ დადიანების ეზოში მომხდარი ინცინდენტის მონაწილეებს პოლიცია არ დააკავებს, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ. ოპოზიცია მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დასაკავებლად პოლიციას ვადას დღის ბოლომდე აძლევს.