ოპოზიცია: ზუგდიდში თანამდებობის პირები მოქალაქეებს პირადობებს სძალავენ

902

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, თანამდებობის პირები წინასაარჩევნოდ მოსახლეობას პირადობის მოწმობებს სძალავენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“ტარდება ოპერაცია სვავი, მოსახლეობიდან უნდა ამოიღონ რაც შეიძლება მეტი პირადობის მოწმობა, იმისათვის, რომ ეს ადამიანები არჩევნებზე ვერ მივიდნენ, რაშიც ჩართულები არიან მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად ჭაბუკა რაფავა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანაშმრომელია, პაატა ზარანდია ფინანსური პოლიციის თანამშრომელი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავას კადრი, ეს ადამინი მივლენილია ჯიხაშკარში, გელა შანავა, რომელიც ასევე ფინანსური პოლიციის თანამშრმელია და ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ თოლორიას ბიუროს უფროსის ძმაა, რომელიც ზედაეწერში პირადობების ართმევს მოქალაქეებს, რაც შეეხება ადგილობრივ ზონდერებს, ესენი არიან დასუფთავების სამსახური უფროსის მოადგილე თენგიზ გოგოლიშვილი, რომელიც ემუქრება თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხმას არ მისცემენ “ქართულ ოცნებას” ან არ გადასცემენ მას პირადობის მოწმობას, ასევე, დარჩელში ქართული ოცნების წარმომადგენელი და სუს-ის ზონდერი დავით კოდუა, რომელიც ახორციელებს ზეწოლას ადამიანებზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა ამომრჩევლებისთვის იმ მიზნით ხდება, რომ “ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე მისული მოსახლეობის ეშინია.

“ქართული ოცნების“ შტაბში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრალდება მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების გამოძალვაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

“ბატონი ბეჟაშვილი, ბატონი მინაშვილი და ბატონი ხაბეიშვილი ჩამწკრივდნენ და გვითხრობენ იმაზე, თუ რა მძიმე ვითარებაა ზუგდიდში, რეალობა არის სხვა. ეს ადამიანები არაერთხელ არიან შემჩნეულები, რომ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, ქმნიან თითქოს დაძაბულობის ფონს. თუ არსებობს ასეთი ფაქტები, მათ მიმართონ სამართალდამცავებს, ჩვენ ზუგდიდელებს არ ვაკადრებთ იმას, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ. ჩვენ გვაქვს სურვილი რომ მშვიდი, ნორმალური კამპანიის ფარგლებში მივიდეთ არჩევნების დღემდე და დავსრულოთ ეს არჩევნები გამარჯვებით“, – განაცხადა ” ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა.