კურორტ ახტალაზე ძველი შენობების დემონტაჟი და ახლის პროექტირება მიმდინარეობს

837

წინა სტატია

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის თქმით, ახტალას რეაბლიტაციის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე კურორტის განვითარების პროექტირება უნდა დასრულდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“გურჯაანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია “ახტალა”, რომლის პრივატიზება შარშან განხორციელდა, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაიწყო დემონტაჟის სამუშაოები. ასევე, დაწყებულია პროექტირების სამუშაოები და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიწყება მშენებლობა. “ახტალას” რეაბილიტაცია გურჯაანის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის”,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი “ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3 760 000 ლარად გაიყიდა.

კურორტის ამჟამინდელი მეპატრონე შპს “გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“, რომელმაც საპრივატიზებო პირობის მიხედვით, სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა მოაწყოს, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. ამავე დროს, მყიდველმა სასტუმრო -კომპლექსში სულ მცირე 50 ადამიანი უნდა დაასაქმოს და კურორტზე დასაქმებულთა 80%–თან, მათივე თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობა შეინარჩუნოს.