ბათუმში ე.წ ბარცხანის ხიდის მცირე მონაკვეთი ჩამოიშალა

869

ბათუმში ე,წ. ბარცხანის ხიდზე ასფალტის საფარი რამდენიმე ადგილას დაზიანებულია. გუშინ, 17 აპრილს კი, ხიდის მცირე მონაკვეთი ჩამოიშალა და გზაზე მიმავალი ავტომობილის საბურავი ორმოში გაიჭედა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბარში გოჩა ტრაპაიძე იხსენებს, რომ შემთხვევის დროს დაშავდა მისი მეგობარი და ასევე, დაზიანდა მანქანა.

”მოვდიოდით ჩვეულებრივად, არაფერი არ იყო, ხიდზე გადმოსვლის დროს კი უცებ ჩატყდა და მანქანა ჩავარდა. დავზარალდით, ჩემმა მეგობარმა, რომელიც მანქანაში იყო თავი დაარტყა. მეტი უბედურება რა გინდა 21 საუკუნეში, ხიდზე, რომ ავტომობილით ჩავარდები. დაზიანებული მონაკვეთები ჩანს და კიდევ ბევრი ადგილას გამოჩნდება. აკეთებენ მხოლოდ იმ ადგილს, სადაც ჩემი ავტომობილი ჩავარდა, მაგრამ ამით პრობლემა არ გვარდება. აქ ყოველდღიურად ტრაილერები დადიან, ტონობით ტვირთი გააქვთ. მოსახლეობა ხიდის რეაბილიტაციას ითხოვს,” – უთხრა მაუწყებელს გოჩა ტრაპაიძემ.

ე.წ. ბარცხანის ხიდი კომუნისტების დროს აშენდა და კაპიტალური რეაბილიტაცია მას შემდეგ არ ჩატარებია.

ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა, ორივე ჩაიშალა. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო დაინტერესებულ კომპანიებს ხიდის სარეაბილიტაციოდ 778 140 00 ლარს სთავაზობდა, მაგრამ მსურველი კომპანია არ გამოჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ქალაქის თვითმმართველობა ხიდის რეაბილიტაციას.