ახალციხის ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამას 100 ათასი ლარი დაემატა

923

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ახალციხის სოფლებისთვის გათვალისწინებულ 612 000 ლარს მუნიციპალური ბიუჯეტიდან 100 000 დაუმატეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ცვლილება ბიუჯეტში საგზაო ინფრასტრუქტურისათვის გამოყოფილი 2 013 200 ლარის ხარჯზე განხორციელდა. აქედან აღებული 200 000 ლარიდან 100 000 ლარი საკადასტრო აზომვითი ნახაზების ესკიზებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებისთვის, 100 000 კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გადაანაწილეს.

ჯამში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობამ, 100 000 ლარის დამატების შემდეგ, 400 000 ლარი შეადგინა.

“აქამდე კი დავამატეთ 300 000 ლარი, მაგრამ აქედან მხოლოდ პროექტირებას 40 000 მაინც სჭირდება, ამიტომ დადგა თანხის დამატების საჭიროება“, – განაცხადა სხდომაზე ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.