ახალციხეში თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს. მუნიციპალიტეტის მთავარი სამსახური წელიწადნახევარია ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია, 2017 წლის პირველი დეკემბრიდან ვაკანტურია, მანამდე კი ამ პოზიციას თვითმმართველ ქალაქში გელვასი გელაძე, ხოლო თემში ემზარ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი ბოლოს იანვარში გამოცხადდა. საკონკურსო კომისიის ერთ–ერთი წევრი და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე ვერცერთმა კონკურსატმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
ახალციხის მერიის საკონკურსო პირობების მიხედვით სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს მოეთხოვება საქართველოს კონსტიტუციის, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა. ამასთან, უმაღლესი განათლება და ინფრასტრუქტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთი წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ორი წელი ამ პოზიციის დაკავების მსურველს, ხელმძღვანელად უნდა ჰქოდნეს ნამუშევარი. ასევე, უნდა იცოდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამები, ანაზღაურება კი 1 750 ლარია.
ვიდრე მერია ამ პოზიციაზე, შესაბამის კადრს შეარჩევს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობას შოთა მერაბიშვილი ასრულებს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სამსახურის ხელმძღვანელის არ ყოფნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ აფერხებს.
ამ დროისათვის, ახალციხის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში ოთხი განყოფილებაა, სადაც მხოლოდ ერთი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაა ვაკანტური, საერთო ჯამში სამსხურს 12 თანამშრომელი ჰყავს.