შპს “ალმას“ დირექტორმა გიორგი ტრაპაიძემ განაცხადა, რომ ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე ამ დროისთვის მანქანის გადაღებვისა და ქიმწმენდის 65 ვაუჩერია გაცემული. მისივე თქმით, უკვე დამთავრებულია ერთი ავტომანქანის გადაღებვა უკვე დასრულდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“გაცემულია 65 ვაუჩერი და 1 ავტომანქანა შემობრუნებულია თანხის გასანაღდებლად, ანუ უკვე დასრულებულია მისი გადაღებვის პროცესი. ჩვენ ვერ ვხედავთ როდის იწყება ამა თუ იმ ავტომანქანის გადაღებვის პროცესი. მხოლოდ იმას ვხედავთ, როდის ბრუნდება გადაღებილი ავტომანქანა, გვბარდება მიღება-ჩაბარების ფორმა და გადავრიცხავთ გადაღებვის თანხას სერვის-ცენტრისთვის. რაც შეეღება რეკლამის განთავსების პროცესს, გადაღებვის შემდეგ შეგვიძლია განვათავსოთ რეკლამა, თუმცა, გადაღებისთანავე მანქანაზე რეკლამის განთავსება ავტომატურად შეიძლება არ მოხდეს“, – განაცხადა ტრაპაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, რომლებიც თანახმა არიან საკუთარ სატრანსპორო საშუალებაზე რეკლამა განათავსონ, ქიმიური წმენდისა და ავტომანქანის ღებვის ვაუჩერის მიღება 5 სერვისცენტრში შეუძლიათ.
ვაუჩერის მისაღებად მძღოლებს შეუძლიათ მიმართონ 5 სერვისცენტრს კონკრეტულ მისამართებზე. კერძოდ: ჭავჭავაძის 74 ბ (ს/ს „ვისოლის“ სათაო ოფისი), ისანი, ქ წამებულის გამზირი # 71 ის მოპირდაპირედ („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), აღმაშენებლის ხეივანი ახმეტელისა და მიქელაძის ქუჩებს შორის („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), მტკვრის მარცხენა სანაპირო დიდუბის ავტოსადურიდან ქსნის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), აკაკი ბელიაშვილის #125 (G Energy სერვისცენტრი).
პროცესი უკვე დაწყებულია. რაც შეეხება დოკუმენტაციას, მძღოლმა სერვისცენტრში უნდა წარადგინოს ტაქსის ლიცენზია – მომსახურების ნებართვა, რომელიც გაცემულია 2018 წლის 11 ოქტომბრამდე; ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და მძღოლის პირადობის მოწმობა. მანქანების გადაღებვა ვაუჩერების მიღებიდან 2 თვის განმავლობაში მოხდება.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ.
ცნობისთვის, თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება. ამ პერიოდიდან, დედაქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალმა“ ტაქსებს მხოლოდ იმ მძღოლებს გადაუღებავს, რომლებიც თანახმა იქნებიან კომპანიის რეკლამა ავტომანქანაზე 2 წლის განმავლობაში განათავსონ. მერიის პირობების თანახმად, ტაქსით მომსახურების გაწევა მხოლოდ 5-კარიან და მარცხენასაჭიანი ავტომობილებს ექნებათ, რომლებსაც გავლილი უნდა ჰქონდეს ტაქსის ლიცენზიის მისაღებად რეგისტრაცია და ტექდათვალიერება.