ზუგდიდის მერიამ პანთეონის აშენება გადაიფიქრა

859

წინა სტატია

სოფელ ჭითაწყარის სასაფლაოზე პანთეონის მოწყობის ინიციატივით, ზუგდიდის მერიამ საკრებულოს შარშან მიმართა, თუმცა პანთეონი დღემდე არ გაკეთებულა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბესიკ ჭეჟიას თქმით, პანთეონის მოწყობაზე დეპუტატების აზრთა სხვადასხვაობის გამო საკითხი განსახილველად ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიას გადაუგზავნა.

“პანთეონის საკითხი 2018 წლის 10 აპრილს განხილულ იქნა საკრებულოს სხდომაზე. ამასთან დაკავშირებით, იყო საკრებულოს წევრების მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა, რის გამოც მიზანშეწონილად ჩაითვალა დამატებითი განხილვისა და შესწავლის მიზნით საკითხი განსახილველად დაბრუნებოდა ისევ კომისიას, თუმცა აღნიშნული საკითხი განსახილველად საკრებულოს სხდომაზე არ შემოსულა“, – ამბობს ბესიმ ჭეჟიამ.

პანთეონის საკითხის საკრებულოს სხდომიდან კომისიაში გადაგზავნის შემდეგ ეს თემა არ განხილულა, – ამბობს კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა.

“ეს იყო მერიის ინიციატივა, რომელიც ჩვენმა კომისიამ ერთხელ განიხილა და უარი განაცხადა ზუგდიდში პანთეონის მოწყობაზე, თუმცა შემდეგ ბიურომ ჩათვალა, რომ მხოლოდ კომისიას არ გადაეწყვიტა და საკრებულოს სხდომაზე გატანილიყო საკითხი. ამის შემდეგ საკრებულომ ისევ მოუბრუნა კომისიას, მაგრამ შემდეგ ჩვენ ამ თემას არ მივბრუნებივართ, რადგან მერიას ამ საკითხის კიდევ ერთხელ განხილვის ინიციატივით არ მოუმართავს“, – განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.

მერიაში ამბობენ, რომ საბოლოოდ საჭიროდ აღარ მიიჩნიეს პანთეონის გაკეთება, შესაბამისად ხელმეორედ ინიციატივით საკრებულოსთვის აღარ მიუმრთავთ.

შარშან, 22 მარტის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ პანთეონში დაკრძალვით თანაქალაქელები პატივს მიაგებდნენ იმ ადამიანის განვლილ ცხოვრებას, რომელმაც მუნიციპალიტეტის და ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანა.

“აქედან გამომდინარე, შემუშავებულია წესი, რომელიც გადაგზავნილია სამართლებრივ ექსპერტიზაზე. ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმ კრიტერიუმებზე, ვის შეიძლება ერგოს პატივად პანთეონში დაკრძალვა“, – განაცხადა მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ.

პანთეონის მოწყობაზე საკითხის საზოგადოებაში განხილვას ითხოვდა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე.

“ამას მოჰყვება ხოცვა, თუ ვინ უნდა დაიმარხოს პანთეონში და ვინ არა და ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ ე.წ. პრივილეგირებული მიცვალებულების ამბავს. ვფიქრობ, ეს ზოგადად უფრო ფართო განხილვის თემა უნდა იყოს“, – თქვა შარშან, 22 მარტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

პანთეონი ჭითაწყარის მე-4 სასაფლაოს ნაწილზე, 2 ათას კვადრატულ მეტრზე უნდა აეშენებინათ. პირველი იმ ადგილას, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებლის ყოფილი მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი დაკრძალეს.