ზუგდიდში ჭითაწყარის სასაფლაოს ნაწილისთვის პანთეონის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა კვლავ კომისიაში გაგრძელდება. საკითხზე საკრებულოს სხდომაზე ვერ შეთანხმდნენ. ერთიანი პოზიცია აღნიშნულზე არც უმრავლესობას ქონდა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
ზოგიერთმა დეპუტატმა განმარტა, რომ მათ მოცემულ თემაზე ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, ამიტომ საჭიროა მის მიზანშეწონილობასთან ერთად, კრიტერიუმებზეც იმსჯელონ თუ რის მიხედვით გადაწყდება პირის ამ ტერიტორიაზე დაკრძალვა.
ოპოზიცია ქალაქში მსგავსი სტატუსის მქონე სასაფლაოს მოქმედების წინააღმდეგია. მათი თქმით, ეს დაპირისპირებას გამოიწვევს და დავის საგანი გახდება, თუ ვინ და რატომ უნდა დაიკრძალოს პანთეონის ტერიტორიაზე და ვინ არა.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიას თქმით, კომისიის წევრებს გაუჭირდებათ ოჯახის წევრებს აუხსნან, რატომ არ იმსახურებს მათი ახლობელი თუ ნათესავი ამ ტერიტორიაზე დასაფლავებას. ფრაქცია ენმ-ის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ კი აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს ბევრად უფრო პრიორიტეტული საკითხები აქვს გადასაწყვეტი, ვიდრე ამ სტატუსის მქონე სასაფლაოს ფუქნციონირებაა. მან მოუწოდა დეპუტატებს, საკითხი საკომისიო განხილვას დაუბრუნონ და ეს თემა ფართო საზოგადოებრივი განსჯის საგანი გახდეს.
საბოლოოდ წარმომადგენლობითმა ორგანომ თემის საკომისიო განხილვის ფორმატში კვლავ გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.