მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების ახალი წესი – დღგ-ის 19%-ის განაწილება – მთიან მუნიციპალიტეტებს სხვა მუნიციპალიტეტებთან არათანაბარ მდგომარეობაში აგდებს. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.
მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დღგ-ის განაწილების ფორმულა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ფორმულის 95% მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვებისა და მოზარდების, რაოდენობას მოიცავს და მხოლოდ 5% – მუნიციპალიტეტის ფართობს. კერესელიძე ამბობს, რომ ასეთი ფორმულა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს, სადაც მიგრაცია მაღალია, დაფინანსებას უმცირებს.
“თიანეთის მუნიციპალიტეტს არც ფართობი აქვს არც მოსახლეობა ჰყავს ბევრი, მათ შორის, არც ბავშვები. იგივე მდგომარეობაშია დუშეთის მუნიციპალიტეტიც. დუშეთს გარკვეულწილად გაუმართლა, რადგან ტერიტორია დიდია და თანხის მოცულობამ ამ კრიტერიუმით მოიმატა, მაგრამ თიანეთს არც ტერიტორია აქვს. რეალურად, გამოდის ის, რომ სადაც მეტი მოსახლეობაა, სადაც მეტი დოვლათი იქმნება, სადაც მეტად მუშაობს ეკონომიკა, სახელმწოფო დაფინანსება მიდის იქით, მაგრამ სადაც მეტი დახმარებაა საჭირო, მაგალითად, თიანეთის და
დუშეთის მუნიციპალიტეტი, იქ დაფინანსება ნაკლებად მიდის”, – ამბობს კერესელიძე.
მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალი სისტემა 2019 წლის 1 იანვირდან ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილება, როგორც მთავრობამ განმარტა, დეცენტრალიზაციის ეგიდით განახორციელა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული მიიჩნევს, რომ დაფინანსების წესის გადახედვა უნდა მოხდეს, რათა ის მუნიციპალიტეტები, სადაც მიგრაცია მაღალია, არ დაიჩაგრონ.
კერესელიძე, ასევე, მიიჩნევს, რომ ცვლილებები მოსაკრებლებთან დაკავშირებითაც უნდა მოხდეს. სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ, მაგალითად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ბევრ თანხას კარგავს იმის გამო, რომ იქ არსებულ სასტუმროებს მოსაკრებელს ვერ უწესებს.
“ყაზბეგის და გუდაურის მაგალითი მინდა მოვიყვანო. ამდენი სასტუმროა, რომლის ღირებულებაც 100$-ზე დაბალი არ არის და მათ საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანაში მთის კურორტების კომპანია უფასოდ ემსახურება. არადა, ამას მუნიციპალიტეტი უნდა აკეთებდეს. ასევე პრობლემაა სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე თოვლის გაწმენდა. მუნიციპალიტეტს რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, ნარჩენების გატანაზე მოსაკრებელი დააწესოს და თვითონ გასწიოს მომსახურება, კარგი იქნება. ამით თვითმმართველობას შემოსავალი გაეზრდება”, – ამბობს კერესელიძე.
როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.