დმანისის მერი: სახელმწიფო საძოვრების მართვაში არსებული პრობლემების გამო მუნიციპალიტეტი შემოსავლებს კარგავს

2175

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალური მიწების რაციონალურ გამოყენებაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები ხელს უშლის. ამ მუნიციპალიტეტში როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ბევრი საძოვარია, მაგრამ, როგორც მერი ამბობს, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თავის საკუთრებაში არსებული მიწების რაციონალურ განკარგვას, რაც მუნიციპალიტეტსაც პრობლემებს უქმნის. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

ტატუაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალური მიწისგან განსხვავებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე საიჯარო მოსაკრებლის აკრეფის სისტემა მოუწესრიგებელია, რის გამოც ფერმერები მუნიციპალური საძოვრების გამოყენებაზე უარს ამბობენ და სახელმწიფო საძოვრებს იღებენ იჯარით.

“რადგანც მუნიცპალიტეტს მოწესრიგებული აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საიჯარო მოსაკრებლის აკრეფის სისტემა, ფერმერები ამჯობინებენ, იქირაონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რადგან იქ აღრიცხვიანობა მოუწერიგებელია და საერთოდ, გაუგებარია, ვის უხდიან ისინი საიჯარო გადასახადს და რამდენს”, – ამბობს ტატუაშვილი.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის საკუთარ შემოსავლებს უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული საიჯარო თანხები და მიწაზე ქონების გადასახადი წარმოადგენს, არსებული მდგომარეობა კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს აზარალებს, რადგან ნაკლები შემოსავალი შედის.

ტატუაშვილი სთავაზობს ხელისუფლებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა ადგილობრივ თვითმმართველობებს თუნდაც მართვის უფლებით გადასცეს, რათა ამგვარი პრობლემები მოგვარდეს.

“თუ უნდა სახელმწიფოს, საკუთრებაში ნუ გადმოსცემს ამ მიწებს მუნიციპალიტეტს, გადმოსცეს მართვაში, რათა ორივე მიწაზე ერთნაირი რეჟიმი იყოს და მუნიცპალიტეტემა არ იზარალოს”, – აცხადებს დმანისის მერი.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.

სტრატეგიამ უნდა დაარეგულიროს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ქონების, მათ შორის, სათიბ-საძოვრების, გადაცემის საკითხიც, თუმცა, ამ დრომდე არ არის ცნობილი, აპირებს თუ მთავრობა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას.