ზუგდიდში ერთ-ერთი ქუჩისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭებას ითხოვენ

927

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის ეროვნული გმირის,  გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭებას ითხოვს. შესაბამისი ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ გუშინ მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

წითლიძის თქმით, ქალაქში ჯერ კიდევ არის საბჭოთა დასახელების ქუჩები, რომელსაც სახელი უნდა გადაერქვას.

“იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა არ იქნება ხელისშემშლელი უმრავლესობის წევრებისთვის, რათა ამ ინიციატივას პრობლემები არ შეუქმნან. იმედი მაქვს, უმრავლესობის საკრებულოს წევრებიც მხარს დაუჭერენ ინიციატივას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

ანწუხელიძე დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.