ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგის უფლებას ითხოვენ

821

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატებმა 1 მარტს გამართულ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგის დაწესების უფლება მოითხოვეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

დეპუტატ ედიტა კოდუას განცხადებით, მის სოფელშიб აბასთუმანში ორი წლის წინ დასრულდა სოფლის წყლით მომარაგების სამუშაოები, თუმცა წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.

“ფული დავხარჯეთ და საქმე ვერ გავაკეთეთ ძალიან გთხოვთ მივაქციოთ ყურადღება ასეთ საკითხებს. ასევეб ჩააბარეს გზები, რომლებიც არის კატასტროფულ მდგომარეობაში. რატომ ხდება ასე ძალიან მიკვირს, ვინ გამცემს ამაზე პასუხს? გთხოვთ შევკრიბოთ კომისია, რომ გავაკონტროლოთ ეს საკითხი“, – განაცხადა ედიტა კოდუამ.

მის მოთხოვნას დაეთანხმა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძეც და თქვა, რომ საკრებულო უნდა ჩაერთოს ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის პრიოცესში.

“წინა მოწვევის საკრებულოშიც გვქონდა ჯერ კიდევ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნები, არ შეიძლება, რომ ამაზე პასუხისმგებელი პირი არ იყოს არავინ, როცა იყო უხარისხოდ დაგებული ქვაფენილების, ასევე ჭაბურღილების პრობლემა, პასუხი არავის უგია ამაზე. რატომღაც მუდმივად ხდება ისე, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური ან თვალს ხუჭავს, ან არ დებს შესაბამის დასკვნას და საბოლოოდ მივდივართ აქამდე. იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე არავინ არის პასუხისმგებელი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, სწორედ მონიტორინგის არარსებობის შედეგია ის რომ სოციალური სახლების, მანამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს და ამაზე პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა პროკოპენკოს განცხადებით, სოფელ ყულიშკარში, წყალმომარაგების პროექტი, რომელიც 1 200 000 ლარი დაჯდა, დასრულებულია, თუმცა წყალი არ არის.

“ვერ ვიპოვე პასუხისმგებელი პირი, ვინც გამართავს ამ პროექტს“, – განაცხადა ზაზა პროკოპენკომ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, როგორ გაკონტროლდეს შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ამაზე საკრებულომ კომპეტენტურ პირებთან უნდა გაიაროს კონსულტაცია.