ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოსახლეობამ სოფლისთვის სახელწოდების გადარქმევა მოითხოვა. ადგილობრივებს საკრებულოში მათი მაჟორიტარი ედიტა კოდუა მერის მოადგილეებთან ერთად შეხვდა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმი მოსახლეობას აღნიშნული საკითხის მოგვარებასა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაჰპირდნენ.
“როგორც მოგეხსენებათ, როდესაც სოფლები დაიყო 48 ადმინისტრაციულ ერთეულად, ნარაზენს გამოეყო ეს სოფელი, რომელიც ადრე იწოდებოდა “რუსთაველად”, ხოლო უძველესი სახელია სტახანოვი. ფაქტმა, რომ ეწოდა შამადელა თავიდანვე გამოიწვია უკმაყოფილება, რადგან სახელწოდება უკავშირდება სოფლების გასაყარზე მდებარე ტერიტორიას, სადაც სასაფლაოა განლაგებული. უკვე იმ დროიდან ვცდილობდით სახელის გადარქმევას, მაგრამ რადგანაც რუკაზე არ იყო როგორც სოფელი შამადელა, მოგვდიოდა უარი, მიუხედავად არაერთი განცხადებისა. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა სოფლის მდებარეობა ასახულია რუკაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ შევხვედროდით მოსახლეობას და აღმოჩნდა, რომ მათ აქვთ სურვილი სოფელს გადაერქვას სახელი ახალ ან ძველ ნარაზენად. შევადგენთ განცხადებას და დავურთავთ საჭირო დოკუმენტაციას, რომ მივმავთ შესაბამის უწყებას”, – განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის მაჟორიტარმა ედიტა კოდუამ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლისთვის პრობლემურ საკითხებსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.