ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 766 799 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშოები სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება და ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში დასრულდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო, ადმინისტრაციის ოთახების, სარეჟისოროს, დერეფნის, ფასადის, ვენტილაცია/გაგრილების სისტემის და სახურავის ნაწილის შეცვლა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრის ახალ შენობა 2014 წლის 31 მაისს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმოდ გახსნა. თუმცა შენობაში ერთ თვეში წვიმის წყალი ჩამოვიდა, რის შედეგადაც დაზიანდა სცენა, საგრიმიორო ოთახების და შესასვლელის კედლები.
ახალი შენობის მშენებლობა 2005 წელს, ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო, როცა თეატრის ყოფილი შენობა საკათედრო ტაძარს გადაეცა.
მშენებლობისთვის ჯამში 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 7 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაა, 4 მილიონი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
ამასთან, გასულ წელს სამხარაულის ბიუროს დასკვნის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ შენობის ფუნქციონირება სიცოცხლისთვის სახიფათოა და ის რეკონსტრუქციას საჭიროებს.