საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა.
შეხვედრაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ზუგდიდში, წყალტუბოსა და ქუთაისში დევნილთა საცხოვრებელი სახლების 6 ახალი კორპუსის დაგეგმილი მშენებლობების პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
‘მუნიციპალური განვითარების ფონდი დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას არაერთ რეგიონში გეგმავს. ამ ეტაპზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი სახლების 3 კორპუსის მშენებლობაზე და წყალტუბოში 6 კორპუსის მშენებლობაზე.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს და დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები”, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
ღია კარის დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, მამუკა ცოტნიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.