ფოთის მერიაში აუდიტის დასკვნას გამოეხმაურნენ

878

წინა სტატია

ფოთის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას გამოეხმაურნენ. მათი თქმით, დოკუმეტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, კანონით შესაბამის ზომებს მიიღებენ. დასკვნის მიხედვით, ქალაქში ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა, უხარისხოდ არის შესრულებული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ფოთის მერის პირველი მოადგილის კოტე თოფურიას განცხადებით, მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობდა. მისივე თთქმით, მშენებელ ფირმას ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. მერიამ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და დავას სასამართლოში აგრძელებს.

“მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობდა, რაც ფოთელებისთვის ახალი არ არის. მიუხედავად ჩვენი არაერთი შენიშვნისა და მოწოდებისა, რომ მშენებლობის ხარისხი და ტემპი გამოსწორებულიყო, ასე არ მოხდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამჯერად სასამართლო განიხილავს ამ საქმეს და ველოდებით მის გადაწყვეტილებას,“- აღნიშნა კოტე თოფურიამ.

ამასთან, სახელნწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ახლადრეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსები, სადაც წყალი ჩადის და ბინები დაზიანებულია. თოფურიას თქმით, დასკვნის გამოქვეყნებამდე შესაბამის სამსახურს იქ ხარვეზების გამოსწორების მიზნით მუშაობა დაწყებული ჰქონდა. რაც შეეხება, ფოთის მერის მოადგილეებზე 2016-12017 წლებში უკანონოდ გაცემულ დანამატებს, რაც ჯამში 13 700 ლარს შეადგენს, კოტე თოფურიას თქმით, შესაძლოა, ეს თანხა ბიუჯეტს დაუბრუნდეს.

“ნებისმიერი უკანონო ქმედება, სახელმწიფო თანხების არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯვა, უმკაცრესად დაისჯება, რეაგირება იქნება მყისიერი და მკაცრი“, – აცხადებს თოფურია.

ოპოზიცია პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მთავრობას აკისრებს

“ყველა საკრებულოს სხდომაზე ვამბობდი, რომ ეს იყო უხარისხოდ შესრულებული სამუაშოები. 4,1 მილიონი ლარი დაიხარჯა მალთაყვის სანაპირო ზოლის განვითარებისთვის და ყველაფერი ისევ გასაკეთებელია.განათების ბოძებიც უკვე გამოსაცვლელია,ხომ შეიძლებოდა უჟანგავი ბოძები გაეკეთებინათ. სახელმწიფო აუდიტის სა სამსახურის დასკვნაც ამას მეტყველებს, რომ უხარისხოდ შერულდა სამუშაოები. პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ცენტრალურ ხელიაუფლებას აკისრია, რადგან მის გარეშე ესენი ვერ ჩაისუნთქავენ და ვერც ამოისუნთქავენ, ყველაფერი მათთან შეთანხმებით კეთდება.ნიკო ნიკოლაძის კოშკი რომ გახსნეს , გამოვიდნენ და თავზე დაემხოთ ჭერი. ფულს ხარჯავენ, ფლანგავენ და მაინც ყველაფერი უხარისხოდ კეთდება“- განაცხადა საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.

ფოთის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის გასაჩივრებას არ აპირებენ.