სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ფოთში რეაბილიტირებულ საცხოვრებელ კორპუსში წყალი ჩადის, რამაც მოსახლეობის საცხოვრებელები დააზიანა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“წვიმიან ამინდში წყლით იტბორება 7 მოსახლის საცხოვრებელი ბინა, აქედან 5 საცხოვრებელი ბინა პრაქტიკულად განადგურებულია და გამოუყენებელია საცხოვრებლად“, – ეს ნაწილია იმ ხარვეზებისა, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე №14, №16 და №21 მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებში აღმოაჩინა.
აღნიშნული საცხოვრებლების რეაბილიტაციაზე ფოთის მერიამ 1.36 მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა სამუშაოები მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მალევე დაზიანდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის მიზნით, 2013 წელს მერიამ ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხელშეკრულება შპს “ჯენერალ ქონსთრაქშენ კომპანისთან“ გააფორმა თუმცა, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება ვერ უზრუნველყო, რის გამოც მუნიციპალიტეტმა მასთან 2015 წელს ხელშეკრულება შეწყვიტა. ამ დროისთვის კომპანიას 1 216 500 ლარის სამუშაოები ჰქონდა შესრულებული.
იმავე წელს მუნიციპალიტეტმა რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულებისათვის, გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება გაუფორმა შპს “Engineering Services Company-ის“, ღირებულებით 157 700 ლარი. მუნიციპალიტეტმა სამუშაოები 2016 წელს ხარისხის შემოწმების გარეშე ჩაიბარა.
უწყების ცნობით, რეაბილიტირებული კორპუსის მაცხოვრებლებმა რამდენჯერმე წერილობით მიმართეს მერიას და მოითხოვეს დაზიანებების გამოსწორება, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.
2018 წელს აუდიტის ჯგუფმა საცხოვრებელი სახლი მერიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა. როგორც ირკვევა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების მოპირკეთებისა და მანსარდების მოწყობის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ. სამუშაოების შესრულების შედეგად, აღნიშნული კორპუსების ბოლო და ბოლოსწინა სართულების მცხოვრებლებს მნიშვნელოვნად დაუზიანდათ საცხოვრებელი ფართი.
ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ “საფრთხეს უქმნის მოსახლეობას“.
“მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის საგარანტიო პერიოდი გასული არ იყო, მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა გატარებული შესაბამისი ღონისძიებები დაზიანებების აღმოსაფხვრელად. არ მიუმართავს შემსრულებელი კომპანიისათვის არსებული დაზიანებების აღდგენის მიზნით. მერიის პასუხისმგებელი პირები ვალდებული იყვნენ გაეტარებინათ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები,”- აღნიშნულია დოკუმენტში.