2018 წელს სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში სარეზერვო ფონდებისთვის გათვალისწინებული თანხის ჯამი 977 000 ლარი იყო. აქედან კი მხოლოდ 358 085 ლარი დაიხარჯა და ამ თანხის დიდი ნაწილი სტიქიით დაზარალებულებისთვის, ასევე მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებისთვის გაიწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სამცხე–ჯავახეთის მერიებს შორის, გასულ წელს, სარეზერვო ფონდში ყველაზე მეტი თანხა ბორჯომს, ყველაზე ნაკლები კი ასპინძას ჰქონდა გათვალისწინებული. ჯამში, ექვსივე მუნიციპალიტეტს ამ მუხლიდან შარშან 618 915 ლარი დარჩა.
გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდი 100 000 ლარი იყო, აქედან წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტმა ნახევარზე მეტი 66 710 ლარი გახარჯა. ახალციხის მერიამ სარეზერვო ფონდის თანხები ოთხი მიმართულებით გადაანაწილა: მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება – 51 930 ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალური დახმარება – 3 500 ლარი; ხანძრით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 8 500 ლარი; კულტურის ღონისძიებები დაფინანსდა – 2 780;
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას გასულ წელს სარეზერვო ფონდში 80 000 ლარი ჰქონდა გაწერილი. აქედან მხოლოდ 13 147 ლარი დაიხარჯა.
მერიამ სარეზერვო ფონდის თანხა ორი მიმართულებით დახარჯა: ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად – 8 147 ლარი; სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე – 5 000 ლარი;
2018 წელს ასპინძის მერიის სარეზერვო ფონდი, რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მცირე – 50 000 ლარი იყო. წლის განმავლობაში ამ მუხლიდან 22 217 ლარი გაიწერა.
მუნიციპალიტეტმა თანხა ასე გადაანაწილა: სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12 ოჯახისათვის – 7 301; მთებში მისასვლელი გზების შესაკეთებლად, კერძოდ, მძიმე ტექნიკის დაქირავებისთვის – 8 000; სოფლებში სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის შესაკეთებლად პოლიეთილენის მილის და გადასაბმელების შესყიდვა – 6 915;
გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა სარეზერვო ფონდში ბორჯომის მერიას – 505 000 ლარი ჰქონდა. ბორჯომმა თანხის ნახევარზე მეტი 477 912 ლარი გახარჯა. კერძოდ, სოციალური დახმარებისათვის – 426 479 ლარი; კულტურული ღონიძიებებისათვის – 950 ლარი; ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად – 40 294 ლარი; სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება – 3 039;
ახალქალაქში სარეზერვო ფონდისთვის გათვალისიწნებული 152 000 ლარი იყო, აქედან მხოლოდ 117 080 ლარი დაიხარჯა: სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურება – 110 692; უსახური და ავარიული შენობის დემონტაჟის და გამოუსადეგარი ვაგონების გადატანა – 4 687; უფასო დიაგნოსტიკური კვლევები ახალქალაქში –1 700;
რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, აქ სარეზერვო ფონდი 90 000 ლარი იყო, საიდანაც 27 221 ლარი დაიხარჯა. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაცია 22 ოჯახისათვის – 12 1000 ლარი; ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ანაზღაურება– 5 100 ლარი; მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო მომსახურება – 5 941 ლარი; იჯარის ქირის გადახდა ექვსი თვის განმავლობაში –600 ლარი; სოციალური დახმარება რვა ოჯახისათვის – 2 400 ლარი; დაზიანებული წყალსადენის რეაბილიტაცია –1 080 ლარი;