საკრებულოს დეპუტატები “ზუგდიდდასუფთავების“ საქმიანობის შესწავლაში ექსპერტების ჩართვას ითხოვენ (ვიდეო)

843

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის საკრებულოში ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ დღეს “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორს, ნუგზარ მალაშხიას ანგარიშს მოუსმინა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ორგანიზაციის საშტატო განრიგის მიხედვით, ცენტრში  474 ადამიანია დასაქმებული.

უმრავლესობის დეპუტატები დაინტერესდნენ, არის თუ არა შესაძლებელი შტატების შემცირება, რაზეც ნუგზარ მალაშხიამ უპასუხა, რომ მიმდინარე წლიდან უკვე შეამცირა 27 პირი.

დეპუტატ ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ ზუგდიდი უკვე მესამედ გახდა ყველაზე სუფთა რეგიონი, მეეზოვების და ამ სამსახურის მენეჯმენტის დამსახურებაა, ამიტომ მათი შრომა მეტად დაფასდეს და მეეზოვეების ხელფასი უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება თანაშრომლების რაოდენობას, მისი აზრით, ეს საკითხი კომისიამ კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად უნდა შეისწავლოს.

“გასაგებია, რომ დასუფთავებაში ბევრი ადამიანი მუშაობს, მაგრამ რამდენი სჭირდება, ამის განსაზღვრა არის საჭირო. ამისთვის კი ექსპერტებს უნდა ვკითხოთ რჩევა. აქ სხვა სტანდარტებია გასათვალისწინებლი და რადგან ჩვენ არ ვართ ამ საქმის პროფესიონალები, ეს არის ყველაზე მსხვილი აიპი და რამდენი თანამშრომელი სჭირდება მას, ამ საქმის არაპროფესიონალმა არ უნდა განსაზღვროს“, – განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.

მის განცხადებას პოლიტიკური უწოდა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბათლომე შელიამ.

“მეეზოვეებს მოვუმატოთ ხელფასიო და იცი, რომ ვერ ვუმატებთ ამას, პოლიტიკურ განცხადებას აკეთებ? ახლა შენ გინდა, რომ კარგი ბიჭი გამოხვიდე? სამუშაო რეჟიმში ვართ აქ“, – მიმართა მას ბათლომე შელიამ.

მისივე თქმით, დასუფთავების სამსახურის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.

“სამწუხაროდ, ნაცვლად საკითხის ძირეული შესწავლისა, ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვიღებთ ისეთი ტიპის სამადლობო განცხადებებს სადღეგრძელოს სტილში, როგორიც დღეს გაკეთდა, მაგალითად „ამხანაგი” ლაგვილავას მხრიდან. მე არ ვარ ჩახედული თქვენს საქმიანობაში, მაგრამ მაინც მადლობას გიხდით ასეთი კარგები რომ ხართო. ასეთი კომკავშირული ენთუზიაზმით კომისიის მუშაობისგან გვექნება ნულოვანი შედეგი. მეეზოვეები, რომლებიც ჩვენს ქალაქს ასუფთავებენ, ჩემთვის განსაკუთრებულად პატივსაცემი ადამიანები არიან, მაგრამ იმ კითხვის ნიშნებზე, რაც გაბერილ შტატებთან დაკავშირებით მაქვს, ამომწურავი პასუხი ვერ მოვისმინე. ვფიქრობ, უნდა მოვიწვიოთ შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც დაგვეხმარებიან სპეციფიური სამსახურების მუშაობის რეგულაციის სტანდარტების დადგენაში“, – განაცხადა ბათლომე შელიამ.

დასუფთავების ცენტრის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 200 000 ლარია. აქედან 2 882 040 ლარი ხელფასებზე იხარჯება.