მარტვილის მერიისა და მერიის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ 291 თანამშრომელზე სამ თვეში 111 011 ლარის პრემია, ფულადი ჯილდო და დანამატი გაიცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მარტვილის მერიის 109 თანამშრომელზე ფულადი ჯილდო და სახელფასო დანამატი ჯამში 87 000 ლარის ოდენობით გაიცა. 75 თანამშრომელმა თანხა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიიღო, დანარჩენმა კი საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების საფუძველზე.
გამოცემა “ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მათ შორის, რვა სამსახურის უფროსზე, თითოეულზე 1 500-1 500 ლარი გაიცა. ერთადერთი, 136 ლარი მიიღო სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსმა. განყოფილების ხუთ უფროსს, თითოს 1400-1200 ლარი დაერიცხა. მერის 21-მა წარმომადგენელმა მარტვილის სოფლებში კი 1000-1000 ლარი მიიღეს.
ფულადი ჯილდო და პრემია გაიცა მარტვილის მერიის სამ ა(ა)იპ-სა და შტატგარეშე თანამშრომლებზე. სულ 24 ათას 011 ლარი.
ფულადი დანამატი გასცეს ა(ა)იპ “მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ 14 თანამშრომელზე 75-75 ლარის ოდენობით, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის. ჯამში 1 050 ლარი.
ფულადი დანამატი მიიღო ა(ა)იპ “მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ 12-მა თანამშრომელმა საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, 159-159 ლარი. ჯამში 1 908 ლარი.
წახალისების მიზნით პრემია დაერიცხათ ა(ა)იპ “სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში“ მომუშავე 152 თანამშრომელს. სულ 20 497 ლარის ოდენობით. ამ თანხებს შორის მაქსიმუმი 227, მინიმუმი კი 120 ლარი იყო.
წახალისების მიზნით პრემია გასცეს ექვს შტატგარეშე თანამშრომელზეც, თითოეულზე 92 ლარი და 83 თეთრის ოდენობით. სულ 556 ლარი და 98 თეთრი.
გამოთხოვილი ინფორმაცია მოიცავს 2018 წლის პირველი ნოემბრიდან 29 იანვრის ჩათვლით პერიოდს.