სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა.
როგორც ბორჯომის მერიაში განმარტავენ, კონკურსის მთავარი მიზანი პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მათი ინფორმაციით, მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
შემუშავებული კონცეფცია უნდა მოიცავდეს: ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების გრძელვადიან ხედვას; ისტორიულ-კულტურული ფუნქციის შენარჩუნება-განვითარებას; პარკის პერსტექტივაში გაფართოების ზონებს; სარეკრიაციო ფუნქციის განვითარებას; ფლორის მრავალფეროვნების შენარჩუნება-მოვლა-პატრონობას, (დეკორატიული სივრცეები), საჭიროების შემთხვევაში ახალი სახეობების დამატებას; ლანდშაფტური დიზაინის ხედვებს; პარკის ზონალური განვითარების ხედვას: სარეკრიაციო, დასასვენებელი, გასართობი, ტექნიკური და სხვა; მწვანე პარკირების ზონას; პარკის ინფრასტრუქტურული მოწყობის ხედვას, ბილიკებს, ატრაქციებს, გადაადგილების ტექნიკურ საშუალებებს;
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; არასამთავრობო სექტორს; საინიციატივო ჯგუფებს; სხვადასხვა კომპანიებს; პროფესიონალ არქიტექტორებს, ურბანისტებს და მათ გაერთიანებებს; საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ან მათგან შემდგარ ჯგუფებს;
აღსანიშნავია, რომ მიიღება, როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური ნაშრომი. მერიის ინფორმაციით, საკონკურსო ჟიური 10 წევრისაგან დაკომპლექტდება. კერძოდ, მის შემადგენლობაში იქნებიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, ბორჯომის საპატიო მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი ბიზნესმენები.
“კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორისათვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ კონკურსანტებს 3 000 და 2 000 ლარი გადაეცემათ.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად. მისი გამოცხადების ოფიციალური თარიღია 15 თებერვალი და დასრულება 15 მარტს. (მე-2 ეტაპი: 25 მარტი – 5 აპრილი) პირველ ეტაპზე, შემოსული ნაშრომებიდან ჟიური შეარჩევს საუკეთესო პროექტებს.
მე-2 ეტაპზე ჟიურისა და საზოგადოების ჩართულობით, შერჩეული ნაშრომებიდან გამოვლინდება 3 გამარჯვებული პროექტი.
მოქალაქეებს მათთვის სასურველი პროექტისათვის ხმის მიცემა შეეძლებათ ვებგვერდის საშუალებით.
ნაშრომი, უნდა იყოს არანაკლებ 10 გვერდისა”, – აცხადებენ ბორჯომის მერიაში.
კონკურში მონაწილე პირს ან ჯგუფს შეუძლია ნაშრომი ბორჯომის მერიის შენობაში წარადგინოს. ასევე, კონკურსანტებს მასალის გაგზავნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელექრონულ ფოსტაზე: borjomimunicipality@gmail.com-ზე შეეძლებათ.
https://www.facebook.com/163336040510811/photos/a.888914617952946/1190264077817997/?type=3&theater