ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში სახურავი, საიდანაც შენობაში წყალი ჩამდიოდა შეაკეთეს, თუმცა ახლა სახურავის სხვა ნაწილი დაზიანდა და ამჯერად თოჯინების შესანახი ოთახი, ასევე, გარდერობი ზიანდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
“იმ მხარეს, სადაც თოჯინების შესანახი ოთახი და გარდერობი გვაქვს, წყალი მაშინ შევამჩნიეთ, როცა პირველად მოთოვა. ეს ნაწილი მერიის შენობის მხარესაა“, – ამბობს თოჯინების თეატრის დირექტორი რუსუდან სისაური.
დირექტორი ამბობს, რომ მას მერიისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს, თუმცა ფიქრობს, რომ “აუცილებლად სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს“.
შეკითხვაზე, რატომ არ შეატყობინა თვითმმართველობას ამ დრომდე სახურავის დაზიანების შესახებ, სისაური გვპასუხობს: “ჯერ ჩვენ ვნახავთ კარგად რამხელა ადგილზე ჩამოდის, რა როგორაა და მერე დავწერთ მიმართვას”.
“ჯერ ჩვენთვის არ მოუმართავს, როგორც კი წერილს შემოიტანენ, სახურავს მაშინვე შევაკეთებთ”, – გვითხრეს მერიაში.
ახალციხის თოჯინების თეატრი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გარემონტდა, თუმცა სახურავის შეკეთება პროექტით გათავალისწინებული არ ყოფილა.