ბორჯომის ცენტრში ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1040

ბორჯომში ხიდების რეაბილიტაცია გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამჯერად მასშტაბური სამუშაოები ქალაქის ცენტრში მდებარე ე.წ. დიდ ხიდზე დაიწყო. პროექტის მიხედვით, ხიდზე გათვალისწინებულია გზის სამოსის და ტროტუარების მოწყობა, ბურჯების, მოაჯირებისა და არსებული მილსადენის შეღებვა-შელესვის სამუშაოები.

როგორც გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტროტუარებისა და სამანქანო გზის დაზიანებული ასფალტობეტონის და ბორდიურების დემონტაჟი. მისივე განმარტებით, ხიდზე მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება, მისი იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვლება და ქალაქს ნამდვილად დაამშვენებს. ე.წ. დიდი ხიდი ცენტრალურ მაგისტრალს ქალაქის მთავარ ქუჩებთან აკავშირებს.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება ივლისის ბოლოს მოხდება.

სამუშაოებისათვის 167 193 ლარი გაიხარჯება.

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 4 საფეხმავლო ხიდის მოწყობისა და ერთი ახალი ხიდის მშენებლობა განხორციელდა.

წყარო: ინტერპესნიუსი