ზუგდიდის მერიის სპორტის ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა რაოდენობა 32-ით შემცირდა

861

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმადღეს “სპორტის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის გოჩა ჩიქოვანის პროექტი მოიწონა. გოჩა ჩიქოვანის გეგმის მიხედვით, თანამშრომელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 32-ით შემცირდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“საშტატო განრიგი გახდა 99, რომელიც ითვალისწინებს ყინულის მოედნის მომსახურე პერსონალსაც. გარდა ამისა, 4 კაცი არის შტატგარეშე თანამშრომელი. ეს ერთად გამოდის 103”, – განაცხადა გოჩა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, გასულ წელს, ა(ა)იპ-ში 135 თანამშრომელი მუშაობდა.

სპორტის აიპ-ის ხელმძღვანელთან საკრებულომ პირველი შეხვედრა 23 იანვარს გამართა, სადაც გოჩა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ცენტრის ბაზაზე უნდა შეიქმნას 6 სპორტული სკოლა, თუმცა თითოეული სკოლის საშტატო განრიგი და ხარჯთაღრიცხვა დეტალურად ვერ წარმოადგინა, რის გამოც სამუშაო ჯგუფის წევრებმა ის მეორედ დაიბარეს.

ზუგდიდის საკრებულოში ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი პირველად 16 იანვარს შეიკრიბა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, მათ უნდა გამოითხოვონ თითოეული ა(ა)იპ-ისგან ბიუჯეტი, სამუშაოს აღწერილობა, ა(ა)იპ-ის წესდება და უნდა მოისმინონ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებისგან თავიანთი ორგანიზაციის განვითარების ხედვა.