ახალი კამპანია – მამაკაცები ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის გორიდან დაიწყო.
კამპანიის მიზანია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის იდეის პოპულარიზაცია და ქალი კანდიდატების მხარდაჭერაში მამაკაცების გააქტიურება.
კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ოფისში მოქმედ გორის გენდერის მედიაცენტრში გამართა დისკუსია ქალთა პოლიტიკური გაძლიერების თემაზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენელი მამაკაცები.
ღონისძიება გახსნა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დირექტორმა ჯერომ ლეღომ.
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს მოკლე მოხსნებები ქალთა მონაწილეობის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მამაკაცების როლზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საქმეში, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძემ შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, რომ ქალების პოლიტიკური გაძლიერება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენმა მთავრობამ უნდა განახორციელოს.
ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე თვითმმართველობის მოხელეებს მერის და გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობებზე ქალების დანიშვნის ინიციატივით მიმართა, რადგან მისი დაკვირვებით ქალები მაღალი პასუხისმგებლობით, საქმისადმი სიყვარულით და გულისხმიერებით გამოირჩევიან.
,,ეს იყო განსხვავებული ფორმატის შეხვერა, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ და ისინი მსჯელობდნენ ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებაზე. დარბაზში იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და პროფესიის წარმომადგენლები, რომელთაც რათქმა უნდა სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მაგრამ ისინი გააერთიანა ერთმა იდეამ – მხარი დაუჭირონ ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას. ეს გამოჩნდა დღევანდელ შეხვედრაზე მათი საუბრებიდან,“ – განაცხადა ინგა ალავიძემ, ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის წარმომადგენელმა.
ჯერომ ლეღოს თქმით დისკუსია შედეგიანი გამოვიდა: ,,დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ განვიხილეთ ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის თემა. ვიმსჯელეთ იმის შესახებ თუ რა უშლის ხელს ქალებს პოლიტიკაში მოსასვლელად, როგორ შეიძლება გაიზარდოს ქალთა რაოდენობა და მოვისმინეთ სამკაოდ საინტერესო ინიციატივები.“
კამპანია იმართება პროექტის „თანასწორობა იგებს’’ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.
წყარო: შიდა ქართლი