ავლაბარშიკასპის ქუჩის N2-სა და ქეთევან წამებულის გამზირის N74-ის კუთხეში მდებარე ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს.
როგორც ისნის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, თბილისური ტიპის ეზოში მდებარე ორსართულიან სახლში მცხოვრებ ცხრა ოჯახს შენობის ავარიულობის გამო, საფრთხე ექმნებოდა. რის გამოც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შენობის სრული გამაგრება დაიწყო.
გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩატარდება: შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლების მოწყობა; სახლის დაზიანებულ ნაწილში ლითონის ელემენტებით ფანჯრისა და კარის ღიობის მოჩარჩოება; არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და შევსება სპეციალური მასალით; სეისმური სარტყელის მოწყობა;
“ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ამხანაგობასთან ერთად, ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ. პროექტის მიხედვით, სრულად რეაბილიტირდება შენობის დაზიანებული ნაწილი. ამ დროისთვის, დაწყებულია საძირკვლის გამაგრების სამუშაოები და გაზაფხულზე, ცხრავე ოჯახს კონსტრუქციულად მდგრად სახლს ჩავაბარებთ“, – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.
კასპის ქუჩა N2-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაობი გამგეობის ბიუჯეტიდან 38 445 ლარით დაფინანსდა.