ბორჯომში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. შენობაში გათვალისწინებულია როგორც შიდა ინტერიერის განახლების ასევე გარე ფასადის სამუშაოები. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, შენობის იერსახე მთლიანად შეიცვლება და ის თანამედროვე სტილში კლასიკური ელემენტების გამოყენებით მოეწყობა.
“ფასადის გარდა, მოხდება შენობის სახურავის შეცვლა, კულტურის ცენტრში სხვადასხვა სახის სამუშაოები განხორციელდება, თოჯინების თეატრში დარბაზს და ფოიეს კი ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, რომელიც წლებია სავალალო მდგომარეობაში იყო და სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა. შენობაში შეიცვლება ასევე ინვენტარიც“- აღნიშნა გამგებელმა.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ძველი კარ-ფანჯრების, იატაკის და ინვენტარის დემონტაჟის სამუშაოები.
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ფუნქციონირებს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, თანამედროვე ცეკვების სტუდია, ყოველკვირეულად კულტურის სახლის დარბაზში იმართება ღონისძიებები.
აქტიურია, ასევე თოჯინების თეატრის დასიც, რომელიც პრემიერებით ანებივრებს პატარა მაყურებელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს ლამაზ და ესთეტიურ გარემოში მოუწევთ მეცადინეობა, მაყურებელს კი განახლებული და თანამედროვე კულტურის ცენტრი და თოჯინების თეატრი უმასპინძლებს.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობს.
სარემონტო სამუშაოებისათის 248 269 ლარი გაიხარჯება და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს მოხდება.