2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ურთიერთკავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის წახალისებასა და 2030 წლისთვის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას.
საინვესტიციო გეგმის ფარგლებში იდენტიფიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე საქართველოსა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” დანარჩენ ქვეყნებში, ჯამში 12.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება. აღნიშნული პროექტებით შესაძლებელი გახდება ახალი და უკვე არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ისევე როგორც, ლოჯისტიკური ცენტრებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობა და რეაბილიტაცია.
საინვესტიციო გეგმის თანახმად, საქართველოში იდენტიფიცირებულია 18 პრიორიტეტული პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 3.4 მილიარდ ევროს შეადგენს. აღნიშნული 18 პროექტიდან, 6 პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს და პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.3 მილიარდ ევროს შეადგენს. ამასთან, 2020 წლამდე, დაგეგმილია დამატებით 2 პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 32 მილიონი ევრო იქნება. ხოლო, 2030 წლამდე დაგეგმილია დამატებით 10 პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2.02 მილიარდ ევროს შეადგენს.
“საინვესტიციო გეგმის განხორციელების შედეგად, ყველა ქვეყანაში ერთად დაგეგმილია 48 000 კმ. გზებისა და რკინიგზის მშენებლობა/რეაბილიტაცია, 6 პორტისა და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაღრმავებას, რეგიონულ განვითარებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომის გაუმჯობესებას. ინფრასტრუქტურის სფეროს ინვესტიციებთან ერთად, საინვესტიციო გეგმა ასევე მიზნად ისახავს ტრანსპორტის სფეროში ძირითადი რეფორმების განხორციელების და რეგიონში საგზაო უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ამასთან, საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვანი ბერკეტია მასში წარმოდგენილ პროექტებში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.